მამუკა ხაზარაძე: „მზად ვარ დღესვე ჩავჯდე ციხეში“

ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გეგმებზე
Sputnik

 

თბილისი,  22 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში უმსხვილესი TBC Bank–ის დამფუძნებელს არაფრის ეშინია და მზადაა ახლავე ჩაჯდეს ციხეში, ასეთი განცხადება გააკეთა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას და მის ბიზნეს–პარტნიორს ბრალდება დაუზუსტეს.

ხაზარაძე: ჩვენ სერიოზულ ძალას ვქმნით, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო. საუბარია TBC Bank-ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

ხაზარაძის სიტყვებით, არც მას და არც მის პარტნიორ ჯაფარიძეს კანონი არასდროს დაურღვევია, არ მოუტყუებია სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები.

 „შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ისე ყველა ჩვენს საქმიანობაში ჩვენ კეთილსინდისიერები ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე დავჯდე ციხეში. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ რაიმეს გვეშინია – ქონების დაყადაღება, რაც გუსინ სამარცხვინოდ გააკეთეს ან სხვა მოქმედების“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა წევრებს მიმართა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და ოთხ წელზე მეტი მოანდომეს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის შესწავლას და სურდათ სამშობლოშიც ასეთივე სიტყაცია შეექმნათ. 

ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმე: პროკურატურა ბრალს კიდევ ერთ ადამიანს წარუდგენს

 „ჩვენ მაშინ ამ ადამიანებს მხარს ვუჭერდით, რადგან ვფიქრობდით, რომ იგი ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მინდა ვკითხო მათ, ეს ის განათლებაა? ასეთი სახელმწიფო დაინახეთი იმ ქვეყნებში და ისეთი განათლებით თქვენ ჩამოხვედით, რომ ასე ჩუმად ზიხართ? თქვენ მოგწონთ ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც დღესაა? არჩევანის უფლება? ჩვენ არასდროს დავმალულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას TBC Bank–ზე ზეწოლა უწოდა.  იგი ტელეკომპანია TV Pirveli–ის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

„ჩვენი მეგობრის, ავთო წერეთლის მიმართ წაყენებული ბრალი არის პირდაპირი ზეწოლა. აქვე განვმარტავ, რომ ავთო წერეთელს იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ, არ აქვს არანაირი წილი. შესაბამისად, გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. TV Pirveli  არ არის მხოლოდ წერეთლების ოჯახის, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი. ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება

ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის თემასაც შეეხო. მისი სიტყვებით, ეს არამარტო ღრმაწყლოვანი პორტია, არამედ ქვეყნის შემობრუნება ევროპისკენ და ეკონომიკური წინსვლის გარანტი. ხაზარაძემ პირობა დადო, რომ მაინც ააშენებს ანაკლიას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით.

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 754 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე. 

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. 

რა კავშირშია მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტთან

ბანკს არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.