წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

მარი ლაგვილავა ახალგაზრდა მეწარმეა. მისი ცხოვრება ოჯახს, მთას, თუშეთს და ღვინოს უკავშირდება. ერთი წლის წინ მარიმ მეუღლესთან ერთად თუშეთში პირველი ღვინის ბარი გახსნა, რომელიც სტუმრებს გულგრილს არასოდეს ტოვებს.
Sputnik

სახლი, რომელშიც ცოლ-ქმარი სტუმრებს მასპინძლობს, 120 წლისაა. ის დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. როგორც მარიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, წლების წინ ამ სახლში მისი მეუღლის დიდი ბებია, მარო სისაური ცხოვრობდა, რომელმაც შვილი ომში გაუშვა. იმ დღის მერე დედა შვილის ტანსაცმელს ყოველ დილით ამზეურებდა იმ იმედით, რომ მისი შვილი ომიდან დაბრუნდებოდა. სახლში დღემდე ინახება ეს ტანსაცმელი. ევსო იჭირაული ომიდან აღარ დაბრუნებულა...

წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

– პროფესიით ეკონომისტი ვარ, მყავს მეუღლე და ორი შვილი. თბილისში ვცხოვრობ. ჩემს მეუღლეს აქვს ტურისტული კომპანია და წლებია ჩართული ვარ ტურისტულ საქმიანობაში.

– რამდენიმე თვეა, რაც თუშეთში ღვინის ბარი გახსენით, როგორ და რატომ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

– თუშეთში ჩემს მეუღლეს აქვს სახლი, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ზოგჯერ ვფიქრობ, რამდენმა ადამიანმა და რამდენმა ისტორიამ გამოიარა ამ სახლში და ამ დროს გული მითბება. ეს არის ძველი სახლი თავისი ისტორიით. მე და ჩემი მეუღლე კი ვცდილობთ ეს ისტორია გავაგრძელოთ. ყოველ წელს რაღაც ახალს ვამატებთ, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახლი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

წლების განმავლობაში ვამუშავებდით როგორც საოჯახო სასტუმროს, შარშან გადავწყვიტე, რომ ღვინის ბარი გამეხსნა და რაღაც ახალი სივრცე შემეთავაზებინა ტურისტებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. როგორც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, პირველი ღვინის ბარია მთელ თუშეთში. სახელად „ო'დილა“ ჰქვია. ოდილა განთიადის ქალღმერთია. დილით მზე, სითბო, სიყვარული და ფერები მოაქვს ადამიანებისთვის.

წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

ეს სახელი ჰქვია ჩემს ღვინის პროექტსაც. პირადად ჩვენ არ გვაქვს ვენახები. ღვინო „ო'დილა“ არის გლეხის ღვინო. ჩემი მიზანია გლეხის ღვინის პოპულარიზება. კონტრეტიკეტზე აწერია მეღვინის სახელი და გვარი, ჩამოსხმის წელი, რეგიონი. ამჟამად სამი მეღვინე მყავს, ვისგანაც ვიღებ ღვინოს. ვასხამ ოთხი სახეობის ღვინოს – „რქაწითელს“, „მწვანეს“, „ქინძმარაულს“ და „საფერავს“. სამომავლოდ ვგეგმავ საქართველოს ყველა კუთხეში შევიძინო ღვინო. საკმაოდ დიდი პროექტია და ამავე დროს მრავლისმომცველი. ვფიქრობ, თუშეთში დაწყებული ორი სტარტაპიდან ორივე გაამართლებს, რადგან აქ სხვა მისტიკაა.

– ღვინოს თავად არჩევთ?

– ღვინოებს მე თვითონ ვარჩევ. მართალია, სომელიე არ ვარ, თუმცა კარგსა და ძალიან კარგს შორის ძალიან კარგის არჩევა შემიძლია. ღვინოს ბოთლში მე თვითონ ვასხამ. შრომატევადი საქმეა, თუმცა საქმე, რომელიც გიყვარს, არასოდეს არ გღლის.

წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

– შეგეძლოთ ბრენდული ღვინოები შეგეტანათ ბარში. ასე რატომ არ მოიქეცით?

– ბარში ჩემი ღვინოების გარდა ჩემი მეგობრების ღვინოებსაც ვთავაზობ ტურისტებს. თუმცა ბრენდირებული ღვინოები არ მაქვს. როგორც უკვე ვთქვი, გლეხის ღვინის პოპულარიზებაა ჩემი მიზანი. სახლში დამზადებულ ღვინოს სხვა გემო, სხვა განწყობა და სხვა ისტორია აქვს. მე მიყვარს ისტორიების მოყოლა, ჩვენი სტუმრებიც მუდმივად კმაყოფილი არიან იმ ღვინით, რომელსაც ვთავაზობ. გემო, არომატი და ისტორია – ვფიქრობ, საინტერესო ტრიოა.

წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

– როგორც ვიცი, ბარში მრავალფეროვანი ბიბლიოთეკაც გაქვთ...

– აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა მოწყობილი – სივრცე პატარა ბიბლიოთეკით. სხვათა შორის, ეს ბიბლიოთეკაც პირველია თუშეთში. დასასვენებლად, განსატვირთად, ჭიქა ღვინის დასალევად, მე, ჩემი მეუღლე და მეგობრები ვეცადეთ, როგორც შეგვეძლო, მყუდრო და სასიამოვნო ადგილი შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის. მიხარია, როცა მადლობას მიხდიან ამ გარემოსთვის. ბედნიერი ვარ, როცა ვგრძნობ, რომ უხარიათ აქ ყოფნა. მადლობა ყველას, ვინც წელს გვესტუმრა, მათ ჩემი ზაფხული გაალამაზეს, ჩვენ კი, ალბათ, მათი.

წინაპრების კვალდაკვალ: გოგო, რომელმაც თუშეთში პირველი ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გახსნა

– ძალიან ბევრი ტურისტი გსტუმრობთ, როგორ მოსწონთ თუშეთი?

– ტურისტები ძირითადად ევროპიდან ჩამოდიან, ხშირ შემთხვევაში კარვებით მოგზაურობენ. მათთან საუბარი საინტერესოა, ძირითადად ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, დღემდე შემორჩენილი თუშური ადათ-წესებით ინტერესდებიან და ხშირად მეკითხებიან, მომწონს თუ არა, ტურიზმის განვითარებასთან ერთად თუშეთის ინფრასტრუქტურის ცვლილება. რა თქმა უნდა, მომწონს, მით უმეტეს, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი ბრუნდება. თუმცა, მეორე მხრივ, მაშფოთებს ასე სწრაფად შემოვარდნილი ცივილიზაცია. ადრე არც ინტერნეტი გვქონდა, არც დენი. წელს პოლონელმა მეგობრებმა გვაჩუქეს მზის პანელები. ადრე კომფორტს ნაკლებად ითხოვდნენ, ახლა უკვირთ, თუ კომფორტი არ ხვდებათ. სულ რაღაც სამ წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი კარგია ეს თუ ცუდი, ალბათ რაღაც კუთხით კარგი, თუმცა მეშინია უნიკალურობა არ დაიკარგოს. ის, რაც მიყვარს, ის სული, რომელიც მხოლოდ თუშეთისაა, არ უნდა დაიკარგოს...