მთის ფესტივალი არხოტში: ხეობა უჩვეულო ღონისძიებებს უმასპინძლებს

ფესტივალის მიზანია მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლება და გაძლიერება.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ხევსურეთში მთის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი 31 აგვისტოს არხოტის ხეობის სოფელ ამღაში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ონლაინ-გამოცემა „მთის ამბები" და მთის სათემო ქსელი (ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია), რომლის უშუალო ძალისხმევითაც რამდენიმე დღის წინ არხოტის ხეობაში პირველად შევიდა ინტერნეტი და კომუნიკაციის საშუალება გაჩნდა.

დაემშვიდობე ზაფხულის მზეს: ბახმარო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის მიზანია მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლება და გაძლიერება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის ძმადგაფიცვის უძველესი რიტუალი შესრულდება, რომელიც, სულ მცირე, 50 წელია აღარ ჩატარებულა.

„მთის ამბების" მოწვევით საქართველოს ცნობილი ინგუში მწერალი ისა კაძოევი ესტუმრება, რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება.

ფესტივალს გაუძღვებიან ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ამირან არაბულის ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც არხოტის ხეობისა და არხოტიონების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ხევსურეთში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მანიშნებლები დამონტაჟდა>>

ღონისძიების დაწყებამდე, 15:00 საათზე არხოტში დოღი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეებიდან.

მთის ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.