მოულოდნელი შემოწმებები კლინიკებში: 38 დაწესებულებაში სერიოზული დარღვევები აღმოჩნდა

მოულოდნელმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ზოგ კლინიკაში მედიკოსთა ნაწილს შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდა, რაც კანონის დარღვევაა.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. გაფრთხილების გარეშე ჩატარებული შემოწმების შედეგად 95 კლინიკიდან 38 დაწესებულებაში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

თბილისში ყველა შემოწმებულ მშენებლობაზე დარღვევები აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა ძირითადად სტერილიზაციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა, რასაც ზოგ სამედიცინო დაწესებულებაში ნაკლები ყურადღებით ეკიდებიან. გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ ზოგ კლინიკაში მედიკოსთა ნაწილს შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდა, რაც კანონის დარღვევაა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის თქმით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა, მდგომარეობის გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, სასამართლო მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხზე იმსჯელებს.

რეგულირების სააგენტოს განცხადებით, შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე კვლავაც გაგრძელდება და მთელ ქვეყანას მოიცავს.