თბილისის ცენტრში „ფორსაჟი 9“-ში გადასაღები ავტომობილები გამოჩნდა

Sputnik

საქართველოს დედაქალაქში ორშაბათიდან ფილმ „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები იწყება. დევნის, სროლისა და აფეთქებების სცენებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღებენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ მიიყვანეს ადგილზე ავტომობილები.

ვაჟა-ფშაველას გამზირის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაღებების გამო გადაკეტილია. ნაწილობრივ გადაკეტილია ტროტუარებიც, ხოლო უშუალოდ გადაღებების დროს მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკეტება ქვეითებისთვისაც. ეს შეზღუდვები 27 აგვისტომდე იმოქმედებს. 

რა ხდება საბურთალოზე: ვიდეო „ფორსაჟი 9-ის“ გადასაღები სივრციდან

სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განთავსებულია ფილმის გადასაღები აპარატურა და სხვა აღჭურვილობა. ფილმის გადასაღებად ტექნიკური საშუალებების მომზადება საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, რომ თბილისში ჩამოვიდოდნენ ფილმის მსახიობები, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ფილმის მთავარი მსახიობები საქართველოში არ ჩამოდიან, მათ ნაცვლად კასკადიორები იმუშავებენ.

1 / 14
კვირას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ფილმი „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებებისატვის მზადება დაიწყო
2 / 14
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებებისათვის განკუთვნილი ავტომობილები მიიყვანეს
3 / 14
ყველა ავტომობილს გადაფარებული ქონდა ტენტი
4 / 14
ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამვლელებსა და ფილმის ფანებს აინტერესებდათ, თუ რა ავტომობილები იქნებოდა წარმოდგენილი გადასაღებად
5 / 14
ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოებისათვის, პოლიციის დამატებითი ძალები გამოიყო
6 / 14
„ფორსაჟი 9-ის“ მთავარი ავტომობილები, რომლებსაც თბილისელები ორშაბათიდან იხილავენ
7 / 14
ზოგიერთი ავტომობილი, ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო დაემალათ
8 / 14
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ავტომობილებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. დაცვის გაფრთხილების მიუხედავად, რომ არ გადაეღოთ ფოტოები, მოწოდებას თითქმის არავინ დაემორჩილა
9 / 14
ფილმის გადასაღებად ვაჟა-ფშაველას გამზირის ნახევარი გადაკეტილია, ავტომობილისტებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა
10 / 14
როგორც გაირკვა, „ფორსაჟის“ ვარსკვლავები საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ მაგივრად კასკადიორები შეასრულებენ სამუშაოებს
11 / 14
თუმცა უახლოეს დღეებში ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართული სანახაობა არანაკლებ ემოციებს გამოიწვევს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებში
12 / 14
გამზირზე რეგულარულად მოძრაობს გადამღები ჯგუფის ავტომობილი, რომლის წარმომადგენლებიც რუპორების საშუალებით აფრთხილებენ მოსახლეობას გადაღებების დაწყების შესახებ და აფრთხილებენ, არ შეეშინდეთ სროლისა და აფეთქებების ხმის, რომლებიც გადაღებების დროს იქნება
13 / 14
რთული წარმოსადგენია, რა მოხდება უახლოეს დღეებში საბურთალოზე
14 / 14
ერთი რამის ზუსტად თქმა კი შეიძლება - ასეთი სანახაობა თბილისში ჯერ არასდროს ყოფილა