ვინ იყიდის ფაქიზოს?! ანუ რატომ „დაიხურა“ ისტორიის ფურცელი?...

ვინ და რატომ გადაწყვიტა ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გასხვისება... ვინ და რა მიზნით შეიძლება იყიდოს სამაუწყებლო კომპანია, სადაც მისივე მესაკუთრის შეფასებით უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა...
Sputnik

სამსონ ხონელი

გადაწყვეტილება მიღებულია და მაღალი ალბათობით აღარ შეიცვლება! ვერდიქტი კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. იმედია, მკითხველი მიმიხვდა, წინამდებარე სტატია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შესაძლო გასხვისების საკითხს ეხება... დიახ, შესაძლო, რადგან ტელეკომპანიის გასაყიდად, მხოლოდ მისი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სურვილი როდი კმარა. აუცილებელი პირობაა, მყიდველი გამოჩნდეს...

ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს? ვიდრე კითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდები, მოგახსენებთ, რომ არასრული ერთი თვე გავიდა, რაც ძველი-ახალი მესაკუთრე და მისი ყოფილი ადვოკატი, ახლა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალია ვითარებას ადგილზე გაეცნენ. როგორც ქიბარ ხალვაშმა ბრძანა, კომპანიის გასხვისების გადაწყვეტილება მან არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო...

„რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

რეალობამ ყოველგვარ ნეგატიურ მოლოდინს გადააჭარბა... კრედიტორული დავალიანება სამოცდაათ მილიონ ლარს უახლოვდება. მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ოცდაშვიდ მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს − დაწყებული წყლის მომწოდებელი კომპანიიდან და დამთავრებული ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით.

„ტელეკომპანიის აქტივები დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს. ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი...", - ასეთია ქიბარ ხალვაშის არგუმენტი.

ტელეკომპანიაში არსებულ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე ბიზნესმენი პასუხისმგებლობას ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აკისრებს...

„ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა... ვვარაუდობდი, რომ ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას... უკვე ნაწილობრივ გაირკვა, რომ პრაქტიკულად, ძარცვავდა მას...“, - აცხადებს ქიბარ ხა ლვაში.

რა მოხდება „რუსთავის 2“–თან დაკავშირებით? – პრემიერი მედიის თავისუფლების გარანტიას იძლევა

თავად ნიკა გვარამიას შეფასებით კი, ტელეკომპანიის ოცდახუთწლიანი დიდი ისტორია ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ დაასრულა. ყოფილი გენერალური დირექტორი ორივეს საჯაროდ ემუქრება... ქიბარ ხალვაშს დაპატიმრების, ხოლო პაატა სალიას „სახის ახევის" პირობას აძლევს...

„როგორც კი „ქოცები“ გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში! აი, შენ პირადად პაატა სალია, შენი სახელით და გვარით დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე... ვერაფერს გააკეთებ ამ ქვეყანაში როგორც კი „ქოცები“ წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხ ქვეშ...“, − დაიქადნა ნიკა გვარამიამ.

ურთიერთბრალდებებზე თუ ერთურთის „კეთილად მოხსენიების“ სტრიქონებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთი კი უცილობლად უნდა ითქვას, ყოფილი გენერალური დირექტორი „დახვეწილი“ ლექსიკით, აშკარა „უპირატესობას“ ფლობს... თუმცა, ეს არახალიაო ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება!...

კოჟორიძე: პირი, რომელიც რუსთავი2-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება

ახლა, რაც შეეხება ტელეკომპანიის ისტორიას, სხვისი არ ვიცი, და მე კი ვფიქრობ, რომ ის გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს დასრულდა, როდესაც „რუსთავი 2“ მისივე კეთილი ნებით, ჯერ პოლიტიკურ ელიტასთან ფლირტით დაკავდა, მოგვიანებით კი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ავანგარდშიც მოგვევლინა. მოკლედ, ტელეკომპანიის ისტორია გაცილებით ადრე დასრულდა, ვიდრე ის „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ სტატუსს მოიპოვებდა... სიტყვა გამიგრძელდა და დროა, მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ...

„გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით. მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი...“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

საინტერესოა, ვინ შეიძლება იყიდოს ტელეკომპანია, რომელიც ჩემეული შეფასებით, პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ბიზნესპროექტი, გნებავთ მედიაპროექტი, ის დაარსებიდან მოკლე დროში პოლიტიკური პროექტი იყო... დღეს კი თავად მესაკუთრის განცხადებით, კომპანიაში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა.

ია კიწმარიშვილი: მოვუწოდებ პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან

ჩვენ ვიცით, რომ ქონება სადავოა, მინიმუმ ძველი დამფუძნებლების მხრიდან, ისიც ვიცით, რომ პროკურატურაში დევს საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული და ღმერთმა იცის ეს როგორ დასრულდება. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, კომერციული ინტერესებით დღეს „რუსთავი 2“-ს არავინ იყიდის. თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, ეს აუცილებლად პოლიტიკური გარიგება იქნება... ლოგიკურად ისმის კითხვა, პოლიტიკური გარიგების შემთხვევაში ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ტელეკომპანიის მომავალ მესაკუთრედ? როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, „რუსთავი 2“ -ის შეძენით შეიძლება დაინტერესებული იყოს დავით კეზერაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება სურს. ამ ვერსიის ავტორი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილია. ის ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის შეძენის მოტივს ვერ ხედავს. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ „რუსთავი 2“ დაიხუროს. ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებთან თავად ქიბარ ხალვაში არ აპირებს საუბარს.  

სხვაგვარად ფიქრობს ყოფილი გენერალური დირექტორი. მისი აზრით, ტელეკომპანიის შეძენა ბიძინა ივანიშვილს სურს, თუმცა, როგორც ნიკა გვარამია აცხადებს − „იქ არავითარი ტელებიზნესი აღარ იქნება. ტელევიზიას შეიძენს ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის ხელით. ეს ტელევიზია აღარ იარსებებს.... რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი „რუსთავი 2“, მას ეს ბრენდი სძულს...“

ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა ანუ დააკავებს თუ არა ხელისუფლება ნიკა გვარამიას

ყოფილი გენდირექტორის ამ პოზიციას იზიარებს პოლიტიკური ოპოზიციის ძირითადი ნაწილიც... „დროთა განმავლობაში „რუსთავი 2“ დაიხურება... ეს არის ბრენდი, მაგრამ ამათ არ აქვთ არც მისი შენარჩუნების თავი და არც მისი მუშაობის გაგრძელების სურვილი... ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო... რასაც ვხედავთ, ეს არის სამარცხვინო სურათი. ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს ამ ვითარებაში. იყიდის ის, ვისაც აქვს მთავრობასთან კავშირი და ვინც ამ ყადაღებისა და რეპრესიების გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალებს ჩამოწერს. ბიუჯეტის ვალის ჩამოწერის გარეშე „რუსთავი 2“–ის ყიდვას არავითარი აზრი არ არა აქვს. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის „რუსთავი 2“-ის ეტაპობრივი გაჩერების გეგმა...“, − ამ მოსაზრებას რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს...

რაც შეეხება საბიუჯეტო დავალიანებას, როგორც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, ამ ეტაპზე სამაუწყებლო კომპანიის ვალების ჩამოწერის საკითხი არ განიხილება.

თავად კი დავსძენ, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ტელემედია მიაჩვია ვალების პატიებას. ეს მავნე პრაქტიკა ჩვენში მრავალი წლის წინათ დაინერგა.

ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს და იყიდის თუ არა ვინმე? პასუხს უსათუოდ მივიღებთ დროსა და სივრცეში. მანამდე კი, როგორც ქიბარ ხალვაში ბრძანებს, სამაუწყებლო კომპანია განაგრძობს  მუშაობას, რომ დაძლიოს მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოს პირველი რიგის ამოცანები...