სვანური კოშკები ინგრევა – ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

სვანეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო  — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება  მესტიის რაიონის უშგულის თემის მოსახლეობის პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურია  და „ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება“. სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობა კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო პროგრამის  ერთ-ერთი ძირითადი  პრიორიტეტია. 

სვანეთში ჩვენს ერამდე VIII-VI საუკუნეების ნამოსახლარი იპოვეს

„მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 - მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

სვანური კოშკები ინგრევა – ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება.  გარდა ამისა, მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება.

 „მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განხორციელდება  კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნის - ჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში ორი კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2020 წლისთვის მომზადდება სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაცია, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად,  ორი ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს. 

სვანური კოშკები ინგრევა – ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო და გზა გადაკეტა. მათი სიტყვებით, სვანეთის კოშკების 90%  ვერ გაუძლებს მომავალ ზამთარს, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმოქმედებს.

Facebook–ში აქციის მონაწილეებს საკუთარი პუბლიკაციით შეუერთდა ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი (ფილმები „დედე“, „დინოლა“). 

„2017 წლის 2 ივნისს ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი. 2019 წლის 28 ივლისს ჩარქსელიანების კოშკი. უშგულში ერთი კოშკი წაიქცა. 12 საუკუნეს გაუძლო, მეტს ვერა... დღეს ერთი კოშკი დააკლდა უშგულს, სვანეთს და ჩვენ ყველას“, – წერს რეჟისორი.

აქციის მონაწილეები პროტესტის მომავალ დღეებში გაგრძელებას აპირებენ.