თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 10%-ით შემცირდა

მგზავრების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ამ ორი აეროპორტის მეშვეობით ჩამოფრინდნენ, 100 ათასზე მეტით შემცირდა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ავიაგადაზიდვები 10%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა პირველი არხის ეთერში.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიაფრენები 8 ივლისიდან აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებას, შესაძლოა, 750 მილიონი დოლარის ზარალი მოჰყვეს.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტურისტულ სფეროს დადებით დინამიკას დაუბრუნებს

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადის 9-10%-ით ზრდას ვარაუდობდნენ.

„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა", - აღნიშნა საღირაშვილმა.

მისი განცხადებით, წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა დაფიქსირდა.

„2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს... სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან", - აღნიშნა საღირაშვილმა.

რამდენად შემცირდა ივლისში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა>>

შესაბამისად, მისი თქმით, 2019 წლის შვიდ თვეში 18%-იანი ზრდის შენარჩუნების ნაცვლად, მაჩვენებელი 12%-მდე შემცირდა.

საქართველოში პირდაპირი ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ განაცხადა, რადგან პირველ ექვს თვეში რაოდენობის მხრივ, რუსი ტურისტები ლიდერობდნენ და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს. ამასთან, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა წლის ბოლომდე დაახლოებით 1 მილიონ რუს ტურისტს დაკარგავს.