სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დაჭრილია 51-ე სკოლის მოსწავლე

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული პირია
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაჭრილია 17 წლის მოზარდი, რომელიც 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

ისევ დანების ტრიალი 51-ე სკოლაში: „ბოლო ზარზე“ მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მოსწავლეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, ე.წ. ლონდონის ბაღში მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მათივე ძაღლების ჩხუბის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული პირია:

51-ე სკოლასთან დაღუპული მოზარდების მშობლების მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს„- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.