ქართველი მოსწავლეების წარმატება ბაქოში: ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი

აზერბაიჯანში ინფორმატიკის რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ქართველი მოსწავლე მსოფლიოს უჭკვიანესი ბავშვების ოთხეულში მოხვდა

საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს პერიოდში ბაქოში გაიმართა და 88 ქვეყნის 327 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს გუნდს გიორგი მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ბაქარ გამეზარდაშვილი, დავით ვედელიძე, ნიკოლოზ ბარკაძე და თეიმურაზ თოლორაია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბირკაძე გასული წლის კონკურსის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელია.

ღონისძიება პირველად 1989 წელს გაიმართა და მასში ყოველწლიურად 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ღონისძიება სკოლის მოწაფეებს შორის ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია კომპიუტერული მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სფეროში.