თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ქუთაისის N2 დაწესებულებაში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქე ქართულმა პოლიციამ ისრაელის სახელმწიფოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ დააკავა და მისი საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო. მამაკაცს ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული.
ისრაელის მოქალაქე ქუთაისის N2 დაწესებულებაში 2019 წლის 3 აგვისტოს მოათავსეს. იგი ორ თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ.
„დაწესებულებაში მოთავსების დროს ბრალდებულს გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, ბრალდებულს ობიექტურად რაიმე პათოლოგია არ აღენიშნებოდა, სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომისას შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, გაუკეთდა ელექტროკარდიოგრაფია, თუმცა რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებულა.
„07.08.2019 წ. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ბრალდებულს კვლავ ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, კონსულტაციის დროს ბრალდებულს ჩივილები არ ჰქონია, აღნიშნავდა ნერვიულობას ციხეში მოხვედრის გამო. ობიექტური მონაცემების საფუძველზე, პაციენტს დაესვა დიაგნოზი – ნევროტულობა, ერთჯერადად მიეწოდა დამამშვიდებელი პრეპარატი – ატარაქსი და რეკომენდებულ იქნა კარდიოლოგის გეგმიური კონსულტაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 00:22 საათზე ბრალდებული დაწვა დასაძინებლად. დილით იგი თანამესაკნემ უგონო მდგომარეობაში ნახა და დაუძახა მორიგე კონტროლიორს, 08:30 საათზე კი მორიგე ექიმმა დააფიქსირა გარდაცვალება.
მომხდართან დაკავშირებით გუშინ შეტყობინება გაეგზავნა ისრაელის საკონსულოს საქართველოში. ასევე, გუშინვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.