უეფამ თბილისის „დინამო“ დასაჯა: „ფეიენოორდთან“ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის

უეფამ თბილისის კლუბი ასევე 50 ათასი ევროთი დააჯარიმა
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩს ჰოლანდიის „ფეიენოორდთან“ მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უეფას ეთიკისა და დისციპლინის ორგანომ, იუწყება პირველი არხი.

„ფეიენოორდის“ წარმომადგენლები „დინამოს“ თამაშს დაესწრნენ >>

ტელეარხის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება უეფამ მიიღო „დინამოს“ ქომაგების რასისტული საქციელის გამო, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალასთან“.

„უეფას თვალსაზრისით, საფუძველი რასისტული, ნაცისტური შეძახილები და ბანერები გახდა, რის გამოც „დინამო“ ადრეც იყო გაფრთხილებული. მაგრამ მსგავსი შემთხვევა „გაბალასთან“ თბილისური მატჩის დროს განმეორდა და მას უეფა-ში ასეთი კვალიფიკაცია მისცეს – „გულშემატკივართა რასისტული გამოხდომა“. საკითხი უეფა-ს აღმასკომმა განიხილა და თბილისური კლუბი უმკაცრესად დასაჯა“, - ნათქვამია ტელემაუწყებლის განცხადებაში.

გარდა ამისა, თბილისური კლუბი 50 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

უეფას ორგანოს გადაწყვეტილებით, „დინამო არენაზე“ „ფეიენოორდთან“ მატჩის დროს აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული ბანერი #EqualGame.

„დინამო“- „ფეიენოორდი“ - ისტორიული დაპირისპირების რიმეიქის მოლოდინი

ტელეარხის ინფორმაციით, „დინამო“ უეფაში აპელაციას ამზადებს, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად გამართლებული იქნება ის. უეფაში მსგავსი საკითხებთან დაკავშირებით სიმკაცრეა.

1 აგვისტოს თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანის „გაბალას“ საშინაო მატჩში 3:0 მოუგო (ორი მატჩის ჯამით 5:0) და ტურნირის მომდევნო წრეში გავიდა.

ჰოლანდიაში თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდთან“ მატჩს დღეს მართავს. საპასუხო თამაში თბილისში 15 აგვისტოს შედგება.