ვანო სულორი
საქართველოს არასდროს აკლდა მტრები. ასე დაგვებედა — მუდამ ბრძოლაში იყო ქართველი კაცი, ხშირად ორი-სამი მხრიდან მოსულ მტერს ერთდროულად უმკლავდებოდა. მოწინააღმდეგე კი თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენი ტოლ-სწორი. მუდამ განუზომლად აღმატებულ მომხდურთან გვიხდებოდა ჭიდილი.
და მაინც, ხშირად გამარჯვებული გამოვსულვართ.
მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი კია, მომხდურთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასალაშქრად მოდიოდა, რაგინდ მრავალნიც უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ეშინოდათ ქართველებისა.