თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც 1/16-ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.
მეორე წრის შეხვედრა ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს შორის ერთი საათი და 48 წუთი გრძელდებოდა.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კარიერაში პირველად გადალახა 2000 ქულიანი ნიშნული ATP-ს რეიტინგში. ამ დროისათვის ქართველ ჩოგბურთელს 2065 ქულა აქვს და მე-16 ადგილს იკავებს ლაივ-რეიტინგში.
აღსანიშნავია რომ ბასილაშვილი და შტრუფი მანამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირებებიდან ერთხელ ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა, ერთხელ — გერმანელმა.
ბასილაშვილი მესამე წრეში ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დაამარცხა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში. ზვერევთან მატჩი 8 აგვისტოსაა ჩანიშნული თბილისის დროით 20:00 საათზე.
მონრეალის „მასტერსის“ საერთო საპრიზო ფონდი 5 მლნ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ტურნირი 11 აგვისტომდე გაგრძელდება.