ნარკოტიკების გასაღება „ტელეგრამის" საშუალებით: დაკავებულია სამი პირი

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბიო“, „მდმა“, სუბოქსინი, სუბუტექსი, B8: პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას ონლაინ-საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის" მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, შვიდ შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება", - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.