კულტურის სფეროში ფუნდამენტური რეფორმა იწყება

საქართველოში კულტურის ეროვნული ფონდი შეიქმნება, რომლის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში მასშტაბური კომპლექსური რეფორმის გატარებას შეუდგა, იუწყება Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

რეფორმა ითვალისწინებს სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებს და მორგებულია ქართულ მოთხოვნებზე. კერძოდ, სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას კულტურის სფეროში, დანერგავს ორმხრივ ანგარიშვალდებულების პრინციპს უწყებასა და კულტურის ფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, გაუწევს მონიტორინგს დასახული ამოცანების შესრულებას.

ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს

გარდა ამისა, უწყება საკუთარ თავზე აიღებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.

რეფორმის ძირითადი ნაწილი კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა იქნება, რომელიც გაატარებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას. ამასთან, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა, სამართლიანობა. კულტურის სფეროში მიმართული ფინანსური საშუალებები სტრატეგიულად და რაციონალურად გადანაწილდება.

უკვე ცნობილია ფონდის დირექტორის ვინაობა. იგი ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი ირმა რატიანია. ფონდი საქმიანობას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება.

კულტურული ფასეულობების იმპორტი საბაჟო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს

ფონდის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით რეგიონების, მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

ფონდი ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების განვითარებას. ორგანიზაცია ხელს შეუწყობს კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების გამართვას.

ფონდი ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით.

ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. გარდა ამისა, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

მასშტაბური რეფორმის ფარგლებში უკვე გაუქმდა წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი. მათი გაერთიანება ერთ ორგანიზაციაში "მწერალთა სახლში" მოხდა, რომლის ხელძღვანელიც ნატა ლომოური გახდა.