ირაკლი კობახიძე: ერთკაციანი პარტიების ინტერესია ივაჭრონ საკმაოდ დიდი რესურსით

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ცენზურის შემოღებას ემსახურება.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლის 25%  შეიძლება კრიტიკას ეხებოდეს, მაგრამ 75% ქვეყნის მომავალ განვითარებაზე პარტიის ხედვის წარმოჩენას უნდა დაეთმოს, განაცხადა პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე კომენტარისას.

ცვლილებები საარჩევნო სისტემაში: რა მოსწონს და რა არ მოსწონს ოპოზიციას

მმართველმა პარტია  „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ორშაბათს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების სამუშაო ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც პარტიებისთვის რიგ სიახლეებს ითვალისწინებს.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც, ოპოზიციის მოთხოვნით, შერეული საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს.

საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა გუშინ დასრულდა. პროექტით იცვლება პარტიების დაფინანსების წესი, სარეკლამო დროის გადანაწილება. ასევე, ანტირეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები წესდება.

საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ერთ-ერთი  სიახლეა  საეთერო და სარეკლამო დროის ყველა პარტიისთვის ერთნაირად გამოყოფა და არა მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან. საარჩევნო კოდექსში შეიძლება გაჩნდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი.

პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობა: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში>>>

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილულ საკითხებს შორის იყო მმართველი პარტიის წინადადება  როგორც უფასო, ასევე ფასიან რეკლამასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღების თაობაზე - საუბარია არის არა კრიტიკის აკრძალვასა და ცენზურაზე, არამედ სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური გამონათქვამების აკრძალვაზე.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ცენზურის შემოღებას ემსახურება.

„საჭიროა შესაბამისი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ სააგიტაციო მასალაში სიძულვილის ენა არ მოხდეს. მეორე რეგულაცია იმას ემსახურება, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა… მაშინ საარჩევნო კლიპების 2/3-ზე მეტი დათმობილი იყო ნეგატივსა და შეურაცხყოფაზე. გვინდა, რომ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყოს ხედვასა და პროგრამაზე და იმ დაპირებებზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ“, – აცხადებს დეპუტატი.

არჩევნები 2020: საქართველოს მმართველი პარტიის საეჭვო კომპრომისები

ირაკლი კობახიძე იმ რეგულაციასაც ეხმაურება, რომლის გათვალისწინებით, კვალიფიციურ სუბიექტს უფლება არ ექნება,  საკუთარი საეთერო დრო სხვა პარტიას დაუთმოს. ამასთან, პარტიებს აეკრძალებათ ბლოკების შექმნა და უფასო საეთერო დროის ერთობლივად გამოყენების უფლება. ასევე მათ არ ექნებათ უფლება, სარეკლამო დროის 25%-ზე მეტი დაუთმონ ნეგატივს.

„არიან ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არჩევნებში 0,67%-ის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ ივაჭრონ საკმაოდ დიდი რესურსით. როცა ერთკაციანი პარტია ხარ, შეიძლება, მილიონიანი რესურსი გაყიდო, რაც წარსულში ხშირად ხდებოდა. დიდ პარტიებს სატელიტი პარტიები ჰყავთ, რომლებიც თავის თავს რეკლამას ვერ გაუწევენ, მაგრამ ინტერესი აქვთ, სარეკლამო დრო ან მსხვილ პარტიას გადასცენ, ან ნეგატივს დაუთმონ ოპონენტის წინააღმდეგ. ეს ცვლილებები იმას უზრუნველყოფს, რომ სარეკლამო დროის გადანაწილება და შესაბამისი შინაარსის განსაზღვრა მოხდეს“, – აცხადებს კობახიძე.

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება  - დემოკრატიულმა საქართველომ“ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს წარუდგინა.