ტყიბულში წმინდა გიორგის ტაძარი აღადგინეს

ტაძრის რესტავრაცია 2018 წელს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტყიბულის რაიონში, სოფელ ახალდაბაში წმინდა გიორგის ტაძარში სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო

სააგენტოს ინფორმაციით, ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან უკვე გაიწმინდა. კედლის დეფორმირებული ადგილები უხეშად თლილი კირქვით აღდგა.  სარკმლის ჩამოშლილი საპირე წყობა კი დამუშავებული კირქვით რესტავრირდა. სარემონტო სამუშაოები ტაძრის ინტერიერსაც შეეხო. დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე აღდგენილია კამარის საბჯენი კაპიტელები და თაღები. კონქის დეფორმირებული ნაწილები გადაეწყო უხეშად დამუშავებული კირქვით.

საკურთხეველში იატაკის ავთენტური ფორმის ახალი ფილები მოეწყო. დამზადდა ხის კარი და შეიმინა სარკმელები. ტაძრის ფასადი კირხსნარით გამაგრდა.

ტყიბულში წმინდა გიორგის ტაძარი აღადგინეს

ტაძრის რესტავრაცია 2018 წელს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. ყველა სამუშაო შპს „ბედეკი WESTI”-მ განახორციელა.

წმინდა გიორგის ტაძარი სოფელ ახალდაბას ჩრდილოეთ ნაწილში ბორცვზე დგას. არქეოლოგები მას გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს აკუთვნებენ. ტაძარი ნატეხი ქვისგან არის აგებული.