თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სამეგრელოში 2 ათასზე მეტი კოლოფი (40,7 ათასზე მეტი ღერი) კონტრაბანდული სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა კონტრაბანდული სიგარეტი ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რამდენიმე სოფელში - რუხში, დარჩელში, ყულიშკარში, ჯიხაშკარში, ხაბუშემსა და წალენჯიხაში აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
2019 წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორჯერ გაძვირდა - თამბაქოზე ფასი პირველად იანვრის დასაწყისში, 0,5 ლარით გაიზარდა. მეორედ კი კვირის დასაწყისში - საშუალოდ 0,5 ლარით.
პროდუქციის გაძვირება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ბოლოს ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში და გაზარდა გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე კოლოფის ღირებულების 10%-დან 30%-მდე. ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ებრძოლოს თამბაქოზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდას გამოიწვევს.