თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2019 წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ბოლო სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციისას.
სუბსიდირებული რეისები: რუსი ტუროპერატორები საქართველოს ტურებს არ გაყიდიან>>>
ქვრივიშვილის სიტყვებით, თუ 2018 წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოში 169,8 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, მიმდინარე წელს აღნიშნული მონაცემი დაახლოებით 159 ათასით შემცირდა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც ივლისში საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდნენ, 48,8%-ით შემცირდა, სახმელეთო გზით კი 7%-ით გაიზარდა.
„პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ, ჩვენ ველოდებოდით, რომ ივლისში რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ნაკადი გაიზრდებოდა, მაგრამ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასე არ მოხდა. ჩვენ ვეცადეთ ეს ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და პოზიტიურ ტემპს ვინარჩუნებთ", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში 850,6 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, რაც 22,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად, კომპანია Georgian Airways-მა 25 მლნ დოლარის ოდენობის ზარალი ნახა.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ მზად არის გამოყოს 1,2 მილიონი ევრო დღგ-ს გარეშე რუსეთის აეროპორტებიდან სომხეთის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შესრულებული სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების მიზნით.