სამსონ ხონელი
დავზოგავ დროს და ყოველგვარი ლირიკის გარეშე, პირდაპირ საქმე!... წინამდებარე სტატიას პრემიერ-მინისტრის ციტირებით დავიწყებ. რა ბრძანა ისეთი რომ არ ითმენს და ამთავითვე უნდა გვაცნობო? - შესაძლოა ჩამეძიოთ და რა გაეწყობა, განვმარტავ. მთავრობის მეთაური გვაიმედებს − „ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს...“ მამუკა ბახტაძის ამ სიტყვებს, სნეული ლარის ბოლო სამი დღის ანამნეზიც ამყარებს. სარეცელს მიჯაჭვულმა პაციენტმა აშკარად მოიხედა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი იყო... „ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და ის მყარ დინამიკას გვიჩვენებს. ყველა უწყების, მათ შორის კომერციული ბანკების შეფასებით, საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ამას კი ხელი შეუწყო ბოლო კვირების განმავლობაში არსებულმა უარყოფითმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა...“, − განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მოკლედ, მამუკა ბახტაძე ეროვნული ვალუტის გამოჯანმრთელებას პროგნოზირებს, თუმცა ის არ აკონკრეტებს, მაინც რამდენია ლარის ბუნებრივი და მყარი ნიშნული...
მთავრობის მეთაურის ამ ოპტიმისტურ პათოსს იზიარებს ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლარი ეძებს, ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს... მათი შეფასებით, გონივრული და გამართლებული იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საფინანსო ბაზარზე ინტერვენციის თაობაზე...
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ ივნისის თვეში ეკონომიკის ზრდა 5 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, იქნება ეს წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ცალსახად მიანიშნებდა, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება გამოწვეული იყო არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, როგორც ამას ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, ივნისის მესამე დეკადიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის ზეგავლენით. პოლიტიკური არასტაბილურობა უარყოფითად აისახა ტურისტულ სეზონზე. ჩამოყალიბდა ნეგატიური მოლოდინები და დიდწილად სწორედ სავალუტე ბაზარზე წარმოქმნილი აჟიოტაჟური ხასიათის შედეგი იყო ლარის კურსის აშკარად ზედმეტი გადახრა რეალური მაჩვენებლიდან. ბოლო წლების ანალიზიც ადასტურებს, რომ აჟიოტაჟური განწყობების დროს, ეროვნული ვალუტის გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც მერყეობს ხოლმე. შესაბამისად, სავსებით გმართლებული იყო სავალუტო ინტერვენცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სავალუტო ბაზრზე. ნიშანდობლივია, რომ საპროგნოზო 40 მილიონი ამერიკული დოლარის შეთავაზების ნაცვლად შესყიდვა, გაცილებით ნაკლებ თანხაზე 32 მილიონზე დაფიქსირდა...“
სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან პოზიტიური მოლოდინების გაჟღერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ არსებული ვითარების ანალიზი არ კმარა. სასურველი და აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად...
ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლართან მიმართებით ბიზნესი მოითხოვს პირველი, პროგნოზირებადობას და მეორე სტაბილურობას. პირველის მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში მყოფი ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეგ მიღწევადია სწორი მაკრო და მიკრო პოლიტიკის განხორციელებით, რაშიც ეროვნული ბანკი უნდა იყოს ეფექტური და მთავრობასთან კარგად შეთამაშებული დამხმარე მექანიზმი...“
აკადემიურ წრეებში მიაჩნიათ, რომ ლარის ავადობის მიზეზი ფუნდამენტური პრობლემებია. კერძოდ, წლებია, ჩამოყალიბდა ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია მოხმარებაზე და არა წარმოებაზე...
პროფესორი ლადო პაპავა: „სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი... იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს, ხოლო სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონელი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის მომხმარებლური და არა მწარმოებლური. ლარის უკან დგას ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობასთან. ლარი ჩვენს ეკონომიკის მდგენელებს შორის ყველაზე ჯანსაღია, რადგანაც თერმომეტრის მსგავსად, რომელიც თუ მაღალ სიცხეს უჩვენებს ეს თერმომეტრის „ბრალი“ არ არის! ასევე ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის. მთავრობას აქვს ორი ამოცანა − საშუალოვადიანი და გრძელვადიანი. პირველი ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორის, მრეწველობის განვითარება; მეორე კი − ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება...“
საგულისხმოა, რომ როგორც ანალიტიკოსთა, ასევე საბანკო სფეროს სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანაა, შეცვალოს მონეტარული პოლიტიკის არსებული რეჟიმი და ის არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე. მათი შეფასებით, არ შეიძლება იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მიზანი იყოს მხოლოდ ინფლაცია. ეს შეცდომაა და ამას ამტკიცებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. მხოლოდ ინფლაციის აღება მიზნობრივ მაჩვენებლად (ინფლაციის თარგეტირება) არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი „ტრაფარეტული“ სქემა და ამ სქემას მისდევს საქართველოს ეროვნული ბანკი...
ჩაცხრა თუ არა აჟიოტაჟი სავალუტო ბაზარზე და რა ვადით შეინარჩუნებს ლარი გამყარების ტენდენციას დრო გვიჩვენებს... დროში დაითვლება პოლიტიკის ქუჩაში კეთების შედეგიც!...