საქართველოს რკინიგზა: ხელფასების 50%-იანი მატება შეუსრულებელი მოთხოვნაა

სს „საქართველოს რკინიგზა“ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაანონსებულ გაფიცვას განცხადებით ეხმაურება
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების განცხადებას და აცხადებს, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების მოთხოვნა არარეალური და პოპულისტურია, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეიძლება შეწყდეს >>

თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. 4 ათას 800 ადამიანს უკვე ხელი აქვს მოწერილი გაფიცვაზე. „ახალი პროფკავშირების“ წარმომადგენლები 10 აგვისტოს შეიკრიბებიან და გაფიცვის თარიღსა და ფორმებზე იმსჯელებენ.

„ხელფასების 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ“, - აცხადებენ რკინიგზაში.

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

კომპანიის განცხადებით, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10 პროცენტით, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. კომპანიის ფინანსური რესურსები მეტის შესაძლებლობას არ იძლევა, აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყანაში სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვების მონოპოლისტია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 388,2 მლნ ლარს შეადგენს და იქ 12,6 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.