„საბურთალო“- „არარატ-არმენიას“ თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია არ იქნება

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 6 აგვისტოს თბილისურ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ და „არარატ-არმენიას“ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ერევნიდან ვერ შედგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. მატჩი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ქართულმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს, ეს შეუძლებელია.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავის ქვეყანაშიც არ აწარმოებს პირდაპირ რეპორტაჟს.

უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მიუხედავად გიორგი ჭიაბრიშვილის აღსაზრდელები ევროთასების კამპანიაში კვლავ რჩებიან. „საბურთალო“ უეფას ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში განაგრძობს გამოსვლას.

საპასუხო მატჩი „საბურთალოს“ და „არარატ არმენიას“ შორის ერთი კვირის შემდეგ თბილისში ჩატარდება.