ლარის გაუფასურება: გაძვირდება თუ არა პური

ლარის ამჟამინდელი კურსი პურის მწარმოებლებს პროდუქციის თვითღირებულების ხელახლა დაანგარიშებას აიძულებს.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, შესაძლოა, ერთი ტომარა ფქვილის 2 ლარით გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ პურის ფასზე ეს არ აისახება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან სილაგავამ.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან ახალ ანტირეკორდს მიაღწია და 2,9718 შეადგინა.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს

„თუ ერთი ტომარა ფქვილი 2 ლარით გაძვირდება, ეს, სავარაუდოდ, პურის ფასზე არ აისახება. დრამატულ მატებად მიიჩნევა 10-11 ლარით და მეტით გაზრდა", – აღნიშნა სილაგავამ.

ამჟამად ერთი ტომარა პირველი ხარისხის პურის ფქვილი საშუალოდ 48 ლარი ღირს.

„რაღაც გარდამავალი მარაგი საქართველოს აქვს. ასევე დაიწყო ხორბლის მოსავლის აღება ქვეყანაში და ეს მასტაბილიზებელი ფაქტორია. უარყოფითი ფაქტორია ის, რომ წისქვილებს ფასი გათვლილი აქვთ 2,75–2,8 ლარზე. ახლა ეს კურსი უკვე დაახლოებით 3GEL/$1-ია. თუ ასე გაგრძელდა, ხარჯები ხელახლა დასათვლელი იქნება", – განაცხადა სილაგავამ.

რატომ უფასურდება ლარი – ექსპერტები საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებენ>>

მისი თქმით, ფქვილის მწარმოებლებს ისღა დარჩენიათ, რომ ლარის კურსს თვალი ადევნონ. თუ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა, მაშინ პროდუქციის გაძვირებას თავს ავარიდებთ.

საქართველოში პური ბოლოს 2018 წლის დეკემბერში გაძვირდა საშუალოდ 10 თეთრით. მაშინ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ ამის ერთ-ერთ მიზეზად ფქვილის გაძვირება დაასახელა. სილაგავას განცხადებით, მაშინ ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 37 ლარიდან 50 ლარამდე მოიმატა.

„მას შემდეგ ტომარა ფქვილის ფასი 2 ლარით შემცირდა და 48 ლარი გახდა. თუნდაც ფასმა 2 ლარით მოიმატოს, წინა მაჩვენებელს დაუბრუნდება", – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 10%-ია. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. რუსეთზე მთელი იმპორტის 90% მოდის.

საქართველოს ყაზახეთიდან ხორბლის მომწოდებლები ეწვივნენ

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით რუსეთიდან ჩამოტანილი ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 244 დოლარი ჯდება, რაც დღეისათვის საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ფასია.

საქართველოს მთავრობა ბოლო დროს აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ხორბლის ყაზახ მომწოდებლებთან ამ ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტის გაზრდის შესახებ.

ბოლო წლებში ერთი ტონა ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან რუსეთთან შედარებით უფრო ძვირი ჯდება – 260 დოლარი. ეს დიდ სატრანსპორტო ხარჯებს უკავშირდება.

სილაგავას თქმით, იყო დრო, როდესაც ყაზახური ხორბლის წილი ამ პროდუქტის საერთო იმპორტში 40-45%-ს შეადგენდა. მაგრამ მაშინ ყაზახეთის მთავრობა თავის ტერიტორიაზე გაწეული სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირებას ახდენდა და იმპორტი მომგებიანი იყო. 5-6 წლის წინ შეღავათები გაუქმდა და ფასიც, შესაბამისად, საქართველოსთვის მისაღები აღარ იყო.

გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ქართული ბეღლისთვის>>

2019 წლის აპრილის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყაზახეთში ვიზიტისას მხარეები ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაზე და საქართველოში მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ.