თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივ კომისიას უნდა მიეცეს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.
რას ემსახურება დავით-გარეჯში დაწესებული შეზღუდვები: საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს>>>
ვითარება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ პერიოდულად იძაბება. დავით-გარეჯის კომპლექსის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს განვითარებისთვის, იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, დადგენილი საზღვრები სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა – ეს არის დადგენილი საზღვრები“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
კომისიამ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობა რვაწლიანი პაუზის შემდეგ 23-24 მაისს განაახლა.
საიდან დაიწყო ყველაფერი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ მომხდარით აღშფოთებულმა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი - საქართველოა“. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.
ამასთან, 14 ივლისს დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთი გიდის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნებართვის გარეშე დაიწყეს სამონასტრო კომპლექსიდან ხატების გამოტანა. მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, ადგილობრივები მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მცირე კონფლიქტი მოჰყვა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის – თამარ მეფე.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.