გამოქვეყნდა ცემენტის ხარისხის შემოწმების შედეგები

კომპანიები, რომლებიც ხარისხიან ცემენტს აწარმოებენ, ადგილობრივი წარმოების ნედლეულს იყენებენ
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 2019 წლის ივლისში ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან 19 უხარისხო აღმოჩნდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქართველოს ცემენტის ასოციაციამ მეშვიდე ფარული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში წარმოებული ცემენტის 28 ნიმუშიდან ევროპული სტანდარტის შესაბამისი ექვსი კომპანიის მხოლოდ 9 ნიმუში აღმოჩნდა. აქედან ოთხი - საქართველოს ცემენტის ასოციაციის პროდუქციაა.

ცემენტი საქართველოში უფრო ხარისხიანი ხდება

შემოწმების შედეგად 28-დან 19-მა ნიმუშმა ბარიერი ვერ გადალახა. აქედან ხუთმა კი, 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. ყველა მათგანი იმპორტირებული კლინკერისგანაა წარმოებული.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ იმ ექვსი კომპანიიდან, რომლებმაც ხარისხიანი ნიმუშების წარმოდგენა შეძლეს, სამი მათგანი მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2019 წლის ივლისში მათ გამართეს შეხვედრა ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, გადასცეს კვლევის შედეგები და ასევე გააცნეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობა.

ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი >>

საქართველოს ცემენტის ასოციაცია 2017 წლის იანვარში შეიქმნა. მისი მიზანია ქართველი მწარმოებლების და მომხმარებლების ინფორმირება იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ცემენტის ხარისხი მშენებლობის უსაფრთხოებაზე.