ბათუმში სილამაზის სალონები შეამოწმეს: 5 სალონის საქმე სასამართლოში განიხილება

გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების და სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. ასევე სალონების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან სხვადასხვა ტიპის დარღვევა სულ 15 ობიექტში დააფიქსირეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის მერიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად სამი სალონი დაჯარიმდა, შვიდი ობიექტის მეპატრონეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, 5 სალონის საქმეზე კი სასამართლო მსჯელობს.

აჭარაში სილამაზის სალონებში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა

გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების და სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. ასევე სალონების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. დაწესებულებებს, სადაც სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ესთეტიური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, მონიტორინგს ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება უწევს. კონტროლი მთელი წლის განმავლობაში, შერჩევითი პრინციპით ხორციელდება. 

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ ოქმის შედგენის უფლება და სასამართლოში ვაგზავნით განსახილველად. სასმართლო წესით ხდება სანქციის დაკისრება. ათი საქმიდან შვიდზე სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. ორი სილამაზის სალონის მეპატრონე 500-500 ლარით დაჯარიმდა, ისინი რეგისტრაციის გარეშე, უკანონოდ მუშაობდნენ. ერთი ობიექტის მეპატრონეს კი სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესის დარღვევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა“, -  განაცხადა გარემოსდაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნუგზარ ცეცხლაძემ.

თბილისის სილამაზის სალონებში შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს >>

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 88 სილამაზის სალონი შეამოწმეს. 11 ობიექტის მეპატრონეს  სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, 13 კი დაჯარიმდა. 2018 წელს, ბათუმის რამდენიმე სალონში ნაწლავური ჩხირი დაფიქსირდა.