თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

პროფესიით ფსიქოლოგია, უყვარს ადამიანებზე დაკვირვება, წერს ლექსებს და ტყავის მასალისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. აქვს აზიური ჰაბიტუსი, ციმბირული მზერა, გრძელი თმები, ქართული ხასიათი და ევროპული მენტალობა. ფიქრობს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჰგავს – საკუთარი თავია...
Sputnik

„ემოცია სულის საზრდოა, რომლის გარეშე ყველა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობა აზრს კარგავს და ფიტულს ემსგავსება“, – ასე ფიქრობს ალექსანდრე ჯიქია.  

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- ალექსანდრე, პროფესიით ფსიქოლოგი ხართ, როდის დარწმუნდით, რომ ეს სფერო ყველაზე მეტად გაინტერესებდათ?

- ჩემი არჩევანი არ ყოფილა უბრალოდ მე-11 კლასში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, როცა მთელი კლასი ვისხედით და naec.ge-ს საუნივერსიტეტო განაცხადს ვავსებდით. ბავშვობიდან მომწონდა იმ ფილმების ყურება, სადაც მთავარი გმირი ფსიქოლოგის კაბინეტში ზის და საკუთარ თავში გარკვევას ცდილობს. მერე იყო სკოლაში საზოგადოებათმცოდნეობის გაკვეთილები, სადაც ჩემი დამრიგებელი ბევრ საინტერესო მასალას გვაწვდიდა. სწორედ ამ გაკვეთილებზე გავეცანი ზიმბარდოს ცნობილი ციხის ექსპერიმენტს, ასევე მილგრემის ექსპერიმენტსაც, რომლებშიც მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ფენომენს შეისწავლიდნენ. ბოლოს კი, როცა ჩემმა უფროსმა ძმამ ფსიქოლოგიურზე ჩააბარა და სახლში საინტერესო ქსეროასლებით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა, საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე.

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- გაქვთ სურვილი, რომ სხვებისგან გამორჩეული იყოთ?

- სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, ვინმესგან რამეთი გამორჩეული ვყოფილიყავი, ან ვინმეს ეთქვა ჩემზე, რომ ორიგინალური ვარ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია საკუთარი თავი შევადარო, ისევ და ისევ თავად მე გახლავართ, ოღონდ წარსულში. ყოველთვის ვცდილობ ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე, გავითვალისწინო მიღებული გამოცდილება და გავხდე ოდნავ უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ, შარშან, ან ათი წლის წინ. თუმცა, ობიექტურ ფაქტორებსაც თუ გავითვალისწინებთ, გარეგნობა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რითიც ნაცნობები თუ უცნობები გამომარჩევენ. ჩემი 80 სმ სიგრძის თმის, დედაჩემის ციმბირული გენებისა და, შესაბამისად, აზიური ჰაბიტუსის დამსახურებაა, რაც, ალბათ, არცთუ ისე შეუმჩნეველს მხდის ნებისმიერ სიტუაციასა თუ გარემოში.

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- ყველაზე ხშირად როდის, რაზე და ვისზე წერთ?

- წერის სურვილი მაშინ მიჩნდება, როცა მტკივა ან როდესაც მიყვარს. ბოლოდროინდელ ჩემს ჩანაწერებს რომ გადაავლოთ თვალი, მიხვდებით, რომ ახლა სწორედ სიყვარულია დომინანტური მდგომარეობა და, შესაბამისად, ჩემი ბოლოდროინდელი ლექსებიც უფრო მეტად მომწონს, უფრო მეტად ძვირფასია ჩემთვის, და თუ პოეზიის საღამოებზე ან სალონურ შეკრებებზე აღმოვჩნდები, სწორედ ამ ლექსებს ვკითხულობ ხოლმე. მაგალითად:

ნ.ი.-ს

მე შენი ძილიც მიყვარს ხალასი -

“გარეთ ატლასი, შიგნით ათასი”

სიზმარი, ფიქრი, დარდი და შფოთი,

მარტის ქარივით მიქრის და მოქრის...

       და დილით ისევ სავსე თვალებით,

       სიხარულის თუ ტკივილის ალით,

        საბნის სითბოში დამემალები,

        რომ სიბნელიდან შემავლო თვალი,

რომ დამინახო სრულად და ნათლად,

როგორ გიყურებ დამაშვრალს რულით,

რომ დაინახო – მიყვარხარ მართლა!

შენი ტკივილით და სიხარულით!

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- ფსიქოლოგი ხართ და ადამიანებსა და მათ ქცევებზე დაკვირვების სურვილი ხშირად გექნებათ...

- ჩვენ ირგვლივ უცნაური ადამიანები უფრო არიან, ვიდრე მოვლენები. მაგალითად, ორიოდე დღის წინ მთვარის დაბნელება იყო, რამდენიმე საათი სკვერში ვიჯექი, ყავით ხელში და ვტკბებოდი ამ საოცარი სანახაობით. უცნაური ჩემთვის ის კი არ იყო, თუ რა ხდებოდა მაღლა, კოსმოსში, არამედ ის, რომ ამ დროს ადამიანთა უმრავლესობას ან ეძინა, ან „ფეისბუქს სქროლავდა“...

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- გავიგეთ, საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ და საკუთარი ბრენდიც გაქვთ...

- ბრენდს (თუ შეიძლება ასე მოვიხსენიოთ) ALEXANDER დავარქვი და ჩემს ნაკეთობებს სოციალური ქსელით ვყიდი. ზოგადად, ხელნაკეთი ნივთები ძალიან მიყვარს, მათი შექმნის პროცესი მიყვარს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა ვხედავ "არაფრისგან" როგორ გამოდის ლამაზი ნაკეთობა, რომელსაც შემდეგ ხალხი აღფრთოვანებაში მოჰყავს. ღრმა ბავშვობიდან ვაკეთებ რაღაც-რაღაცებს. 90-იანებში გაზრდილს, იშვიათად მქონდა მზა სათამაშოები და, შესაბამისად, პლასტილინს, თიხას, ხეს, საღებავებს და ფერად ფანქრებს ბავშვობიდანვე დავუმეგობრდი. ამჟამად დაახლოებით ოთხი თვეა, რაც ტყავზე დავიწყე მუშაობა და მისგან საფულეებს, ჩანთებს, ტელეფონისა და სათვალის ბუდეებს ვაკეთებ. ყველაფერი, რაც ამისთვის მჭირდება, youtube-ზე ვისწავლე. თანდათან საჭირო ინსტრუმენტების ნაწილი შევიძინე, ნაწილი კი ისევ საკუთარი ხელით გავაკეთე.

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- რის დეფიციტს განიცდით და რას ვერ მიიღებთ ადამიანებისგან?  

- ჩემი აზრით, ადამიანებისგან ყველაფრის მიღება შეიძლება, მთავარია, სწორად მიუდგე მათ. ჩვენ დროში ყველაზე მეტად ყველაზე მნიშვნელოვანის – ემოციების დეფიციტი იგრძნობა. ემოცია სულის საზრდოა, რომლის გარეშე ყველა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობა აზრს კარგავს და ფიტულს ემსგავსება. ამიტომაც მყავს გარშემო რამდენიმე ახლო ადამიანი, რომელთაგანაც ამ ემოციურ საკვებს ვიღებ. გარდა ამისა, თავისთავად, წიგნები და ფილმებიც მეხმარება ამ საქმეში. სხვათა შორის, გუშინ ვუყურე ერთ საინტერესო ფილმს ვირტუალური რეალობის შესახებ, რომლის დასკვნით ნაწილშიც მარტივად დაიჭერდით მთავარ გზავნილს, რომ ყველაზე რეალური თავად რეალობაა.

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- რეალობისგან გაქცევა თუ გიცდიათ და რომელ დროში იცხოვრებდით?

- ბევრჯერ მიფიქრია, რა საინტერესო იქნებოდა იმ დროში ცხოვრება, როცა კაცობრიობა ტექნოლოგიური განვითარების პიკს მიაღწევს. საინტერესოა როგორ შეიცვლება ადამიანური ურთიერთობები, როგორც ინტერპერსონალურ, ასევე სოციალურ დონეზე, როგორი იქნება სამყარო – უკეთესი თუ უარესი. იქნება თუ არა ომები, გავფრინდებით კოსმოსში სხვა სახლის საძებნელად? ბოლოს და ბოლოს, თუ ვისწავლით ჩვენი საოცარი პლანეტის – დედამიწის სიყვარულს და იმასაც, თუ როგორ (გა)დავრჩეთ მასზე. თუმცა, ჩემთვის ის გარდამავალი ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობ, ყველა თავისი აქტუალური და ნაკლებად აქტუალური ასპექტით, ყველა იმ გარდამტეხი კოლიზიით საზოგადოებრივ თუ პიროვნულ ცნობიერებაში, ყველაზე საინტერესო და მისაღებია...

თაობა, რომელიც სუპერ-გმირს არ ელოდება, გმირების დეპერსონიზაცია და ფსიქოლოგის ბრენდი

- დღეს ბევრი რამ გადაფასდა, თქვენი აზრით, ვინ არის ჩვენი დროის გმირი?

- ჩემთვის ყველა გმირია, ვისაც პროტესტის გამოხატვა შეუძლია, ყველა, ვინც სიყვარულისთვის, სამართლიანობისა და სიმართლისთვის იბრძვის და იღწვის. ყველა, ვინც უკეთესი მომავლის შესაქმნელად ძალას არ იშურებს და უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებს საკუთარი სიტყვით, საკუთარი შემოქმედებით და, თუ საჭირო გახდება, საკუთარი სისხლითაც. ჩვენი თაობისთვის დიდი ხანია გმირის დეპერსონიზაცია მოხდა და ამ გაგებამ თითოეულ ადამიანში გადაინაცვლა და გადანაწილდა, რაც აბსოლუტურად სწორია.

- რას ნიშნავს თქვენთვის გმირობა?

- გმირობა აღარ ნიშნავს – გქონდეს ყველა დადებითი თვისება და მთები გადადგა. გმირობა ნიშნავს აკეთო ის, რაც შეგიძლია, იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი გახადო. ჩვენი ახალგაზრდობა არასდროს დაჯდება სახლში და ახალ ამირანს ან ახალ სუპერმენს არ დაელოდება. დიახ, ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდები თავად არიან ჩვენი დროის გმირები და ისინი შეცვლიან სამყაროს!..