თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ხვალ დილის 6 საათიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე გადაიკეტება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე გუშინ მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა, რომელშიც სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. მგზავრების ნაწილმა, ხევში გადავარდნამდე, მანქანიდან გადახტომა მოასწრო. მაშველების მიერ ნაპოვნია გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი.
ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნით დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები.
უწყების ცნობით, გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად.
საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. მაშველებმა, გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში, ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტრაგედია ქობულეთის გზაზე: გადარჩენილი გოგონა საუდის არაბეთში წაიყვანეს >>
სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ტრაგედიის გამო თუშეთობის დღესასწაული ჩაიშალა.