თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. თუშეთში მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე გუშინ მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა, რომელშიც სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. მგზავრების ნაწილმა, ხევში გადავარდნამდე, მანქანიდან გადახტომა მოასწრო.
მაშველების მიერ ნაპოვნია გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ხევში გადავარდნილ კიდევ ერთ ადამიანს. ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ტრაგედიის გამო თუშეთობის დღესასწაული ჩაიშალა.