თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება პირველი არხი.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი - მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას მოითხოვს >>
ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს.
ძმისშვილის დაკავებამდე მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიაცსთან ინციდენტი შეემთხვა. მას კარავი გაშლილი ჰქონდა პარლამენტის წინ, მაგრამ 20-21 ივნისის შემდეგ, როდესაც პოლიციამ არეულობაში გადაზრდილი აქცია დაშალა, მისი კარავი აიღეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ახალი კარავი სწორედ 25 ივლისს დადგა.
პროცესს ესწრებოდათავად მალხაზ მაჩალიკაშვილი, სხდომის დასრულების შემდეგ მან ხმაურით გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება. მან ძმისშვილის ბრალეულობას 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა და თავისი ძმისშვილის დაკავება სწორედ კარვის დადგმისთვის შურისძიებად შეაფასა.
მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, რომ იგი „ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“.
დღესვე პატიმრობა შეეფარდა ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ პირს - გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.