ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ოქრუაშვილს დღეს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ პირს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს. ჯავახიშვილის ადვოკატმა 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დათაშვილის ადვოკატმა კი, აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. 

მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომაზე დამსწრე პირები ხმაურის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა და მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლე უფლებამოსილია სხდომა დახუროს.

პროკურატურამ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ არსებობს მისი მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჭაბაშვილის თქმით, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 10 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილს მისივე თანაგუნდელები კოტე კემულარია, გურამ ჩალაგაშვილი და გუბაზ სანიკიძე თავდებში დაუდგნენ.

ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი".

ოქრუაშვილის თანამოაზრეებმა მას პოლიტპატიმარი უწოდეს >>

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 19  პირი, მათ შორისაა პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია.