დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის რემონტზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

გზის აღდგენა მნიშვნელოვანია ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც სამონასტრო კომპლექსს სტუმრობენ
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე გაგრძელდება.

დავით-გარეჯი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის სადავო მონაკვეთთან მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს, კერძოდ კი მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

უპრეცედენტო პროექტი: რა სტადიაზეა რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა

„გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბულია.

ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა >>

უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

დავით-გარეჯი მთავარი თემაა: კობახიძე ბაქოში მიემგზავრება

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.