თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ერევნის გავლით რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვების სუბსიდირებას გეგმავს, რუსი ტუროპერატორები საქართველოს ტურებს არ გაყიდიან, იუწყება РИА Новости რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივან ირინა ტიურინაზე დაყრდნობით.
საქართველოს ხელისუფლება მზადაა 1,2 მილიონი ევრო გამოყოს დღგ-ს გარეშე რუსეთის აეროპორტებიდან სომხეთის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შესრულებული სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების მიზნით. მთავრობის ინიციატივის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არა უმეტეს 90 ევრო დღგ-ს გარეშე.
„რუს ტუროპერატორებს მიეცა რეკომენდაცია არ გაყიდონ ტურები საქართველოს მიმართულებით. ეგვიპტის მაგალითზე ვიცით, რომ ტურისტულ ბიზნესს ამ ქვეყანაში პირდაპირი ავიამიმოსვლის არ არსებობის პირობებში არ ანებებდნენ ტურების გაყიდვას მესამე ქვეყნის გავლითაც კი, თუმცაღა სტამბოლიდან ან ბელარუსიდან ტურისტებს გადაიყვანდა უკვე უცხოური კომპანია, რომელსაც აკრძალვა არ შეეხებოდა“, - განაცხადა ტიურინამ.
„ასეთი ვარიანტი გამოადგება დამოუკიდებელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას ერევნის გავლით გადაწყვეტენ. მაგრამ ტუროპერატორები ასეთ პროდუქტს არ გაყიდიან, რადგან ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია მოქმედებს“, - აღნიშნა ტიურინამ.
მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სექტემბრიდან მნიშვნელოვან დახმარებას პირდება >>
საქართველოში ანტისამთავრობო აქციების გამო რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებით გამოწვეულმა ზარალმა შეიძლება 750 მილიონი დოლარი შეადგინოს.