თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ გასვლაზე აზერბაიჯანის „გაბალას“ ანგარიშით 2:0 მოუგო უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში.
ფელიქს მირანდას შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მისამართით რვა დარტყმა განახორციელეს, ერთმა მიზანს მიაღწია. გოლი 41-ე წუთზე ლევან კუტალიამ გაიტანა.
შესვენების შემდეგ „გაბალა“ გააქტიურდა და ხოსე პერალესის კარის მისამართით დარტყმები გახშირდა. მაგრამ რეალურ საფრთხეს ეს დარტყმები არ ქმნიდა.
„დინამოელები“ თავს იცავდნენ, მაგრამ კონტრშეტევებსაც არ ივიწყებდნენ. ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევა 87-ე წუთზე „დინამოელი“ ლეგიონერის, სენეგალელი არფანგა დაფეს ულამაზესი დარტყმით დასრულდა.
გასვლითმა გამარჯვებამ 2:0 ქართული კლუბი ამ დაპირისპირების ფავორიტად აქცია. „დინამოსა“ და „გაბალას“ შორის საპასუხო თამაში 1 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.