სურსათის სააგენტო: გაყინული ფრინველის ხორცის წონის 25%-ს წყალი შეადგენს

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ მიიღო „ტექნიკური რეგლამენტი – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო.

საქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა

აღნიშნული რეგლამენტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ფრინველის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეს არსებული მდგომარეობით კი მწარმოებელს ფრინველის ხორცის გაყინვისას წყლის შემცველობა 20-30%-მდე აჰყავს.

დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო ნაწილი – 2025 წლიდან.

რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს, თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაცივების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

გარდა ამისა, რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. კერძოდ, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

2020 წლის 1 თებერვლიდან პროდუქტში წყლის მაღალი შემცველობის შემთხვევაში ინფორმაციას შეფუთვაზე დაიტანენ, განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში კი სანქცია დაწესდება.

ფრინველმა სახლის ფანჯარაზე კვერცხები დადო - ვიდეო ადამიანურ სიკეთეზე

რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქტს, დადგენილზე მეტი წყლის შემთხვევაში გაყინულ ფრინველს საბაჟოდან უკან დააბრუნებენ.  „საქსტატის" ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 60 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაყინული ფრინველი შემოვიდა, რომელთა დიდ ნაწილში ხშირ შემთხვევაში წყლის შემცველობა 30%-ს აღემატებოდა.

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.