ანა დოლიძემ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომები გვიანობამდე იმართება.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა მორიგ სხდომაზე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

დოლიძემ ამგვარად გააპროტესტა ის, რომ სხდომები გვიან ღამემდე ტარდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შრომითი უფლებები ირღვევა. ოთხშაბათს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატთან – ლევან თევზაძესთან, ილონა თოდუასთან და უჩა თოდუასთან გაიმართება.

დარჩა 50 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა გრძელდება

მრავალსაათიანი მუშაობა ერთადერთი არაა, რაც დოლიძეს არ მოსწონს. ის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მუდმივად აცხადებენ, რომ ამჟამად ქართული სასამართლო სისტემა „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის" ხელშია, ხოლო მიმდინარე რეფორმა სიტუაციის შეცვლას არანაირად არ უწყობს ხელს. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, ხოლო ლევან მურუსიძე – ამ სასამართლოს მოსამართლე.

დოლიძისა და ჯანეზაშვილის განცხადებით, შერჩევის ახალი სისტემის შემთხვევაშიც საბჭოს წევრები ცდილობენ უზენაეს სასამართლოში „კლანისთვის" მომგებიანი მოსამართლეები გაიყვანონ, მათ შორის, საკუთარი ნათესავები.

ჯანეზაშვილის თქმით, უზარმაზარი საქმეა გაფუჭებული. მისი თქმით, ქართველ ხალხს არ სურს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც 20-30 წლის განმავლობაში მათ უფლებებს დაარღვევდნენ. „მოვითხოვთ პროცესის შეჩერებას და კონკურსის ხელახლა გამოცხადებას", – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა არაერთხელ დატოვეს საბჭოს სხდომათა დარბაზი, სადაც გასაუბრება მიმდინარეობდა.

საქართველოს გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გაღვივდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლე კანდიდატების სია დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ.

საბოლოოდ მიღებული იქნა სიის გაწვევისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კრიტერიუმები უკვე შემუშავებულია და ახალი პროცესი დაიწყო.

ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის>>

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავდაპირველად 50 პრეტენდენტი შეარჩია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 20 ვაკანტურ ადგილზე, სადაც მერამდენე თვეა კადრების ნაკლებობაა.