მსოფლიო დღეს

აშშ-ის ისტორიაში რეკორდული ჯარიმა - ფეისბუქი 5 მილიარდ დოლარს გადაიხდის

ჯარიმა შეიძლებოდა ათობით მილიარდიც ყოფილიყო, იგეგმებოდა კორპორაციის დამფუძნებლის, პირადად მარკ ცუკერბერგის პასუხისგებაში მიცემა
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. კომპანია Facebook მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო უზარმაზარ ჯარიმას გადაიხდის, იუწყება The Washington Post-ი აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაზე დაყრდნობით.

ჯარიმა ხუთ მილიარდ დოლარს მიაღწევს: გამოცემის ცნობით, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც კომისიას ოდესმე დაუკისრებია რომელიმე კომპანიისთვის.

რა საერთო ჰქონდა Crystalbet-ის და Facebook-ის ანგარიშებს - დაკავებულია ერთი პირი

აღნიშნულია ასევე, რომ უწყება აპირებს შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა ფეისბუქის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის ხარისხი კომპანიისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯარიმა შეიძლებოდა ათობით მილიარდიც ყოფილიყო, გარდა ამისა, კომისიის წარმომადგენლები ფეისბუქის დამფუძნებლის, თავად მარკ ცუკერბერგის პასუხისგებაში მიცემას გეგმავდნენ.

როგორც ცნობილია, შარშან კომპანია ფეისბუქმა დაუშვა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვა, რაც თითქმის 90 მილიონ მომხმარებელს შეეხო: ინფორმაციას საკუთარი მიზნით კომპანია Cambridge Analytica იყენებდა.

2019 წლის აპრილში კი კომპანიის თანამშრომლებმა შემთხვევით ატვირთეს მონაცემები 1,5 მილიონი ადამიანის ელექტრონულ ფოსტაში შესასვლელად. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციას მომხმარებელთა თანხმობის გარეშე რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდნენ.