საგანგაშო სტატისტიკა: ივნისში 2,4 ათასზე მეტი გაზდანადგარი ჩაჭრეს

უსაფრთხოების წესების დარღვევით დამონტაჟებული მოწყობილობები საფრთხეს ბინის პარტონების გარდა მეზობლებსაც უქმნის.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა მიმდინარე წლის ივნისში ქსელიდან 2,4 ათასზე მეტი სიცოცხლისთვის სახიფათო და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა საერთო აქვს ბუნებრივ აირს და ჩიტის ბუდეს: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობის გაფრთხილებას და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისის თვეში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული გამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღიაკამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თქვენ მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც", – აღნიშნულია განცხადებაში.

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა.

 რაიონიდარღვევების რაოდენობა
სამგორი 655
სანზონა299
გლდანი272
ისანი-ვაზისუბანი 266
საბურთალო 158
ჩუღურეთი 151
ნაძალადევი150
კრწანისი 137
ნუცუბიძე113
დიდუბე 112
დიღომი 87
წყნეთი38
მთაწმინდა 33
ვაკე24

 

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.