ბესელია: რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი არ იყო პირველწყარო

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ახალი არაფერი მომისმენია, ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა დეპუტატმა, პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ბესელია: ჩემ შესახებ კადრების გავრცელება შორს არ არის მმართველი პარტიისგან>>>

დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ  ბრიფინგზე განაცხადა, შსს-მ დაადგინა და პასუხისგებაში მისცა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტ-სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რითიც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. 

პირი, რომელმაც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა, პასუხისგებაში მისცეს

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში სომხეთიდან ინტერნეტით გაავრცელა ამჟამად მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქე დ.ა.-მ., რომელმაც კადრები სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.დ.-სგან მიიღო. ორივე პირი პასუხისგებაშია მიცემული.

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნულ პატიმართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე დღის წინ დასვა კითხვები – იყო თუ არა იგი პირველწყარო, რაზეც უწყებაში უპასუხეს, რომ „ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ". აქედან გამომდინარე, დეპუტატი შესაბამისი უწყებებისგან დღეს დასახელებული პირველწყაროს დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს. ბესელია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებს „მეტი სერიოზულობა მართებთ ამ საქმის მიმართ, ვიდრე მსგავსი სატყუარების გადმოგდებაა".

„ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, მაშინ აქამდე რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხა ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია", – აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა. პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 28 იანვარს გამოჩნდა, ბოლო ფაქტი კი მარტის ბოლოს დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით აღიძრა.

უწყების ცნობით, კადრები ფარულად, უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.

ეკა ბესელია ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც „სასამართლო სკანდალის" გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები სკანდალით დატოვა.

ურთიერთობები თანაპარტიელებთან ბესელიას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.