თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს – სანაცვლოდ 3 მლნ ლარს ითხოვდნენ

დამნაშავეები ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლით იმუქრებოდნენ, თუ მამა გამოსასყიდს არ გადაიხდიდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი, რომელთაც გამოსყიდვის მიღების მიზნით ერთი პირის მძევლად აყვანა ედებათ ბრალად, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ბიზნესმენის შვილის გატაცება: ხუთი ადამიანი პატიმრობაშია  

დამნაშავეთა შორის იყვნენ რეციდივისტები: დაკავებულებიდან ერთი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევია, მეორე კი ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი.

სასამართლოზე დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა 2018 წლის 11 ოქტომბერს ერთ-ერთი ბიზნესმენის ვაჟი გაიტაცეს და 3 მლნ ლარის გამოსასყიდი მოითხოვეს. მათ მოტყუების გზით მსხვერპლი თბილისში, მუხიანის დასახლებაში მიიყვანეს და ნაქირავებ ბინაში ჰყავდათ.

მოგვიანებით ბოროტმოქმედებმა მსხვერპლი სპეციალურად დაქირავებული ავტომობილით ბინიდან იმერეთში, სოფელ მაღლაკში გადაიყვანეს, სადაც უხეში ძალის გამოყენებით ხელბორკილით დააბეს საწოლზე.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ჯგუფზე გასვლა და მძევლის გათავისუფლება მოახერხეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს 13-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.