თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარემონტო სამუშაოების გამო დღეიდან კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება.
სამუშაოები იწარმოებს ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. შესაბამისად, ტრანსპორტი შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლზე იმოძრავებს. ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით და კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ცალმხრივი გახდება.
„კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ და შემდეგ, ჩაჩავას ქუჩის გავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კაჩინსკის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მოძრაობა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ - ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე მარჯვნივ და მარცხნივაც ქეთევან დედოფლის გამზირზე. ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება.
ასევე, კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ - ჩაჩავას ქუჩისკენ.
„ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა კვლავინდებურად დაშვებული იქნება. ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ - ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
კაჩინსკიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. ამდენად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოთხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით.
ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს, როგორც მარცხნივ - ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე მარჯვნივ - ქალაქის გასასვლელის მიმართულებით.
საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი >>
ანალოგიურად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:
ავტობუსები N37, N43 და N71 და ასევე, მიკროავტობუსები კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის, ხოლო უკუმიმართულებით - მეტროსადგურ „ისნისა“ და ჩაჩავას ქუჩის გავლით.