ახალციხეში ველური კანაფის პლანტაციები აღმოაჩინეს

ერთ-ერთ სკოლასთან კანაფის ბუჩქები გაანადგურეს
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ველური კანაფი აღმოაჩინეს ადგილობრივებმა ახალციხის ორი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუწყება ონლაინ-გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“.

საუბარია N5 და N2 საჯარო სკოლებზე. ნაპოვნით შეშფოთებულმა მოსახლეობამ გაზეთის რედაქციას მიმართა. ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა მიწის ნაკვეთებზე ველური კანაფის მთელი პლანტაცია აღმოაჩინეს.

„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

ადგილობრივების თქმით, ჯერ კიდევ სასწავლო პროცესის დროს და მისი დასრულების შემდეგაც ხშირად ამჩნევდნენ მოსწავლეებს, რომლებიც ველური მცენარის ფოთლებს წყვეტდნენ და სადღაც მიდიოდნენ.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებმა, რომლებიც სპეციფიკური სუნის და უცხო ახალგაზრდების გამო შეწუხებულები იყვნენ, ბუჩქნარის განადგურება დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ამისათვის მათ კერძო ტერიტორიაზე შესვლა მოუწიათ, რადგან საჯარო სკოლასთან ახლოს არსებული ნაკვეთი, რომელზეც ველურად ამოსული კანაფი აღმოაჩინეს, ახალციხის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ვინმე მოქალაქეს ეკუთვნის.

„ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის, წყვეტენ, მიაქვთ, არ ვიცით, რაში იყენებენ, თუმცა ხშირად კი მიაქვთ. იმდენად შევწუხდით, შევედით და გავასუფთავეთ ადგილი. „პლანი“ და ათასი ნაგავია. ბალახებიც მოვთიბეთ და ორი ტომარა ნაგავი ავაყუდეთ. როდესაც მფლობელი ჩამოვიდა, გაბრაზდა და ტომარა გადააბრუნა“, – უამბო გამოცემას ადგილობრივმა მცხოვრებმა.

სიტუაციაში გასარკვევად და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „Sputnik-საქართველომ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

მარიხუანის მოხმარება ყველასთვის და ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი

„ქალაქის ტერიტორიას ყოველთვის ვასუფთავებთ ათასგვარი სარეველასგან. როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია კანაფის ბუჩქების შესახებ, ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები გავაგზავნეთ. მათ მაშინვე გაკაფეს ყველ ბუჩქი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა ეს კანაფი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა. რაც შეეხება მეორე ნაკვეთს, ეს კერძო ტერიტორიაა და იქ შესვლა არ შეგვიძლია“, - განაცხადა მერიის თანამშრომელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, რა ბედი ეწია მოთიბულ კანაფს: ის დაწვეს თუ ნაგავსაყრელზე წაიღეს. ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სკოლასთან გავრცელებული მცენარის ექსპერტიზის ჩასატარებლად არ მიუმართავთ.