ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია ეკუთვნის მას და არა ქიბარ ხალვაშს.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესების წარმომადგენელმა, რომელმაც რეიტინგულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში>>>

სარჩელი სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა შეიტანა. მისი სიტყვებით, არსებობს 2010 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. დოკუმენტის პირობების თანახმად, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა, მას ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ყალბი უწოდა.

„ჩვენ სასამართლოს მივმართეთ თხოვნით იმის შესახებ, რომ ვიდრე დასრულდება სასამართლო დავა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელის საფუძველზე დაიწყო, ყადაღა დაედოს გუშინ გადაფორმებულ („რუსთავი 2“-ის) წილებს“, – განაცხადა ზოდელაშვილმა ჟურნალისტებთან.

მან ასევე ისაუბრა ხელშეკრულებაზე, რომელიც, მისი სიტყვებით, 2010 წელს ბერლინში დაიდო.

„ამ დოკუმენტით დასტურდება ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშისგან „რუსთავი 2“-ის წილები შეიძინა. ამას ადასტურებს ქიბარ ხალვაში, რომ წილებზე უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა მას. ამასთან, ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა უფლებამოსილება – მოეხდინა რაიმე საქმიანობა „რუსთავი2"-თან მიმართებაში და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო ირაკლი ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით 7 მლნ დოლარი გადაეხადა“, – განაცხადა ზოდელაშვილმა.

რატომ ბრუნდება ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში

აღნიშნული დოკუმენტი 2016 წელს გამოჩნდა. იმავე წელს ოქრუაშვილმა ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა და ვალის პროცენტებით დაბრუნება მოითხოვა. სარჩელის თანახმად, 2005-2010 წლებში ხალვაშმა ოქრუაშვილისგან 7,7 მლნ დოლარი ისესხა, რომელიც 2015 წლამდე წლიური 10%-ით უნდა დაებრუნებინა. საერთო ვალმა, პროცენტებთან ერთად, 13 მლნ დოლარი შეადგინა.

„დოკუმენტში სხვა თემებზეც არის საუბარი. საუბარია საკრედიტო ურთიერთობებზე, რომელიც ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის არსებობდა... ამ დოკუმენტის ორიგინალი, შეთანხმება, რაზეც საუბარი მიდის, სასამართლოშია წარდგენილი. შემდეგ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნით, დოკუმენტი გრაფიკული ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტიზაზე გაიგზავნა. და მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ეს მოხდა 2018 წლის ნოემბერში, დღემდე ბატონი ქიბარი ექსპერტიზაზე არ მისულა, რათა ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშები დატოვოს“, – განაცხადა ზოდელაშვილმა.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე ხუთშაბათს დადგა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა

ამის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დარჩება ადგილზე გენდირექტორ ნიკა გვარამიას გარდა. იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%) გადაფორმების შესახებ. მოგვიანებით კი დარეგისტრირდა ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია.

ჟურნალისტებმა ახალ ხელმძღვანელობას პირობა წაუყენეს: თუ გენდირექტორი კონტრაქტებს წარუდგენს ტელეკომპანიის ბირთვს – წამყვან ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის სამსახურების ხელმძღვანელებს, ისინი მზად არიან მას ნდობა გამოუცხადონ. პასუხად სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს პრეტენზია მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ აქვს, დანარჩენებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ადრეა.