ვის დარჩება „რუსთავი 2“ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და მფლობელები, ასევე მისი წინა მფლობელი მოუთმენლად ელოდებიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დიდებული გეგმები ჰქონიათ!“ – გვარამიას ადგილზე შუბლაძე და ლაზაშვილი განიხილება? >>

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ტელეარხის მფლობელების მიერ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება 18 ივლისს, თბილისის დროით 12:00 საათზე უნდა გამოაცხადოს. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის“ გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

დავის საგანი

„რუსთავი 2“-ის იურისტების სარჩელის თანახმად, ქართულ სასამართლოებში საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი: „ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება“, „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“, „აზრის გამოხატვის თავისუფლება“, „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“ და „საკუთრების დაცვა“.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ტელეარხის პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება უარყოფითად აისახა ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა არხის გაჩუმების ფარულ მცდელობას.

„პირველი მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო აპარატი განზრახ იყენებდა ბოროტად სამოქალაქო განხილვას, წამოწყებულს მისი ნდობით აღჭურვილი პირის ქიბარ ხალვაშის მიერ დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალების დახურვის მიზნით, რომელიც აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამჟამად იმყოფება ხელისუფლებაში“, – ნათქვამია სარჩელში.

კიდევ სამი სარჩელი შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში ტელეარხის მფლობელებმა – შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ (51%), ლევან ყარამანიშვილმა (22%) და გიორგი ყარამანიშვილმა (18%). მათი მტკიცებით, დაირღვა კონვენციის ზემოხსენებული ოთხი მუხლი, გარდა „აზრის გამოხატვის თავისუფლებისა“.

გადაწყვეტილების მოლოდინში

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მხარდამჭერებს 12:00 საათზე ტელეარხის შენობასთან შეკრებისა და სამართლიანობის აღნიშვნისკენ მოუწოდა. გვარამია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ მიიღებს.

კახელი მეღვინეები და მევენახეები ნიკა გვარამიას უპირისპირდებიან

ქიბარ ხალვაშმა კომენტარისგან თავი შეიკავა, მისი ადვოკატი პაატა სალია კი „Sputnik-საქართველოს“ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაადგენს, რომ „რუსთავი 2“-ისა და მისი ამჟამინდელი, რეგისტრირებული მეწილეების უფლებები დაირღვა და მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, გამოეყენებინათ საქართველოში სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ეს ნიშნავს, რომ საქმის განხილვა უნდა განახლდეს. ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ იგივე პროცესი, რომელიც უკვე გავიარეთ. უნდა დავბრუნდეთ საქართველოს სასამართლოში“, – აღნიშნა სალიამ.

ამასთან, სალიას თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევებს გამოავლენს.

„თუ სტრასბურგის სასამართლო დარღვევებს ვერ გამოავლენს... და გაირკვევა, რომ მათი უფლებები არ დარღვეულა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია, მაშინ იგი უნდა აღსრულდეს, წილები უნდა გადაფორმდეს ქიბარ ხალვაშზე“, – განაცხადა სალიამ.

ამავდროულად, ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დაემორჩილება სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

IRI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები >>

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ და, ბუნებრივია, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასე უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სახელმწიფოთაშორისი მასშტაბის სკანდალი

ორიოდე კვირის წინ „რუსთავი 2“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ახალი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც საავტორო პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირი ეთერით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს

„პოსტ-სკრიპტუმის“ ამ გამოშვებამ ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და პროტესტების ახალი ტალღა გამოიწვია. გარდა ამისა, რუსეთის სათათბირო საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების გამოყენების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა, როგორც მან თქვა, „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“.

„რუსთავი2“-ის ეთერში ბოლო სკანდალური განცხადება თავად გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. გადაცემა „აქცენტებში“ მან განაცხადა, რომ მიუფურთხებია, გავა თუ არა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო და მინერალური წყალი. რუსული ბაზარი იმად არ ღირს, რომ სიტყვის თავისუფლება აიკრძალოს, განაცხადა გვარამიამ. ამ განცხადებამაც ააფეთქა სოციალური ქსელები – მეღვინეებმა გვარამიას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს.

ამ მოვლენების ფონზე „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დააყენა, თუმცა ძირითადმა თანამფლობელებმა მას მხარი არ დაუჭირეს.