ლომჯარია: 20 ივნისის მოვლენების გამოძიების მთავარი პრობლემა სპეცრაზმელების იდენტიფიკაციაა

ნინო ლომჯარიამ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიების მსვლელობაზე კომენტარი გააკეთა.
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქციის დარბევის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც 20 ივნისის ღამეს არეულობაში გადაიზარდა, შსს-ს თანამშრომლების იდენტიფიკაციაა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

საპროტესტო ტალღა თბილისში 20 ივნისიდან არ ცხრება, იმ დღიდან, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე გამოჩნდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი. იმ დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 240 ადამიანი.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ხორციელდება თავად სპეცრაზმელების იდენტიფიკაცია. სამწუხაროდ, მათი საიდენტიფიკაციო ნომრების გარჩევა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რაც ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას", – აღნიშნა ლომჯარიამ.

როგორც მან განაცხადა, ეს ხელს უშლის შსს-ს იმ თანამშრომლების დადგენას, რომლებმაც, შესაძლოა, აქციის დაშლის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

აქციის დაშლის დროს შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს. მოგვიანებით დააკავეს ორი თანამშრომელი.

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად". ცალკე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ს თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტებაზე.

ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკანორ მელიას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. მელიას პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

გარდა ამისა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 11 ადამიანი.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.