გადაწყვეტილება სტრასბურგის სახელით ანუ მენტალური რევოლუცია უსისხლოდ

18 ივლისი, 2019 წელი - ეს თარიღი ერთგვარ ათვლის წერტილად იქცევა საქართველოში.
Sputnik

ას გვერდზე მეტია გადაწყვეტილება, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმართ გამოხატვის თავისუფლების ნორმები არ დარღვეულა. სტრასბურგის სასამართლო უფრო წინაც წავიდა და განაცხადა, რომ ყოველგვარი შეზღუდვა საკუთრების უფლებაზე უნდა მოიხსნას. დღის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს უკვე რეგისტრირებული ჰყავდა ახალი მესაკუთრე - 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში. მოხსნილია ნიკა გვარამია და დანიშნულია ახალი დირექტორი - პაატა სალია. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა, თუმცა არხის ჟურნალისტები ერთობლივად ამბობენ, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი სწორედ ნიკა გვარამიაა.

„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა

რაც შეეხება მენტალურ რევოლუციას - სტრასბურგის სასამართლო უკვე აღარაა მხოლოდ ნაცებისა და მათი მოკავშირე არასამთავრობოების მეკავშირე. არა. მან თქვა, რომ სწორედ ის სასამართლო იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, რომელსაც სამოქალაქო სექტორის ნაწილი კლანს უწოდებს, რომ რუსთავი-2 ოპოზიციას კი არა, ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის უფლებებს აღიარებს და მათთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ჟურნალისტები და თავად ნიკა გვარამიაც არა მხოლოდ გაოგნებულები, არამედ მოულოდნელობისაგან განცვიფრებულებიც ჩანდნენ. დაბნეულობა იყო ხელისუფლების მომხრეთა შორის.

ფაქტია, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 დიდი ხანია, დამოუკიდებელიცაა და ამავე დროს - ოპოზიციურიც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მრავალჯერ წართმეულ-წაგლეჯილ და ხელიდან ხელში გადასულ ტელევიზიას რეალური მესაკუთრე არ უნდა ფლობდეს. ქიბარ ხალვაში, როგორც ჩანს, კარგად იყო მომზადებული ამ პროცესისათვის, რადგან გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანასა და რუსთავი-2-ში შესვლისათვის მას მხოლოდ ნახევარი დღე დასჭირდა.

გვარამია: აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გამიშვებს

როგორ განვითარდება პროცესები მომავალში? ფაქტია, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და ის აღარ იქნება ეგზომ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჩივრების სერია აქ დასრულდება. ნიკა გვარამია საკუთარი ხუთმილიონიანი კონტრაქტის გასაჩივრებას აპირებს სტრასბურგში, ხოლო თავად რუსთავი-2-ის ძველი შემადგენლობა - სტრასბურგის დიდ პალატაში.

პროცესების საინტერესოდ განვითარებას ვარაუდობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ის წერს, რომ რუსთავი-2-ზე ჟურნალისტების ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაიყვანენ. საუბრობენ იმაზეც, რომ არხზე დააბრუნებენ ნათია ლაზაშვილსა და ნინო შუბლაძეს. ამის შემდეგ კი, კილაძის ვერსიით, „იმედსა“ და „მაესტროს“ გააერთიანებენ და დადგებს ტვ პირველის ჯერი. ჟურნალისტი სვამს კითხვას, არხის მფლობელი წერეთელი და მის უკან მდგომი ხაზარაძე გაურიგდებიან ხელისუფლებას თუ იბრძოლებენ დამოუკიდებლობისათვის. სხვათა შორის, დღეს ისეთი ვარაუდიც გამოითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს სწორედ მამუკა ხაზარაძესთან ერთად აპირებს კოალიციის შექმნას. თუმცა ეს ისეთი სფეროა, სადაც პროგნოზები ჯერჯერობით მართლაც ნაადრევია, ისე დინამიურად ვითარდება მოვლენები. ქართულ რეალობას კი ასეთ დროს კარგი ანდაზა ასახავს - კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.