ვინ შეძლებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენას?

საქართველოს პრემიერმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მონაწილე ყველა პირი ამიერიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა. პროგრამა გათვლილია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების მქონე პირებზე.

კომპენსაცია აქციაზე დაშავებულთათვის: რას გაითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტრო

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ პირებს.

ამ დრომდე 1 ლარად მედიკამენტების შეძენა შეეძლოთ მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს, დანარჩენები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ.

„დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება. სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები შეძლებენ მედიკამენტების შეძენას ერთ ლარად", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში დარეგისტრირება, სადაც აუცილებელია ფორმა 100-ის წარდგენა.