თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს პოლიტიკური ანეკდოტი უწოდა.
IRI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები>>>
კვირის დასაწყისში რიგმა მედიასაშუალებებმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ეხებოდა. IRI სრული კვლევის გასაჯაროებას კვირის ბოლომდე გეგმავს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კვლევა არაოფიციალურია. იქ ასევე იყო პოლიტიკოსების შესახებ სხვა ტიპის ინფორმაცია. მე ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა გამიჭირდება. კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო, ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს", - განაცხადა ბახტაძემ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვლევა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, დასძინა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
„თუმცა ვფიქრობ, რომ ის, ვინც საველე სამუშაოებს ასრულებს, მას იმ კრიტერიუმების დაცვით არ ასრულებს, როგორიც საჭიროა ასეთი კვლევებისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.
IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდასაჭერად ამომრჩეველთა 26%-ია მზად.
კითხვა ამგვარად დაისვა: „მომავალ კვირა დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" რესპონდენტების 22%-მა ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ენმ) მიანიჭა უპირატესობა. მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", რომელიც 2017 წელს ენმ-დან გამოყოფილმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს – მას 7% უჭერს მხარს.
საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" და „ლეიბორისტულ პარტიას" ხუთ-ხუთი პროცენტი აქვთ. სხვა პარტიების რეიტინგი 2%-ს არ აღემატება.
რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგს, აქ პირველ ადგილზეა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მეორეზეა თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მესამეზე – ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გამოკითხვა ივნისში, თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ჩატარდა. საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. ის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო და 20 ივნისის ღამეს არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი.
თბილისში ანტირუსული აქციები დღემდე გრძელდება. მომიტინგეებს დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. მანამდე შესრულდა ყველა მოთხოვნა: თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გათავისუფლდა აქციის დროს დაკავებული თითქმის ყველა პირი, ასევე საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.