„კოლხი და..." ანაკლიაში, ანუ მეგრულად ამღერებული ბრიტანელები და ირლანდიელები

ფესტივალი ანაკლიის XVIII საუკუნის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში ქართველი ლოტბარის პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი პირველად სამშაბათს, 16 ივლისს გაიმართება.

ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის საერთაშორისო ერთდღიანი ფესტივალი „კოლხი და...“ ანაკლიის XVIII საუკუნის ისტორიული ციხის სივრცეში ჩატარდება.

მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის ივნისში მიიღეს.

გიორგი ფუტკარაძე „სლავური ბაზარი 2019"-ის ლიდერთა სამეულშია

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის გასამართად 30 ათასი ლარი გამოიყო.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები. უცხოელ მონაწილეებს შორის იქნებიან სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან – „მასპინძელი“ ლონდონიდან და „ზურმუხტი“ – დუბლინიდან. უცხოელი მომღერლებიც მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ.

„მეგრული ფოლკლორის პატრიარქად წოდებული პოლიკარპე ხუბულავა იყო წმინდა გიორგის ორდენისა და უმაღლესი ჯილდოს, ხელოვნების ქურუმის მფლობელი. სწორედ პოლიკარპე ხუბულავამ შემოგვინახა უძველესი მეგრული სიმღერების სხვადასხვა ვერსია, რასაც უცხოელი ფოლკლორული ანსამბლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევენ პოპულარიზაციას", – ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

წელს ფესტივალის ფარგლებში მხოლოდ სიმღერები შესრულდება, თუმცა მომავალ წლებში ორგანიზატორები პროგრამის გამრავალფეროვნებას გეგმავენ.